სიახლეები

საახალწლო ღონისძიებები აჭარაში ( იხილეთ ვრცლად )

საახალწლო ღონისძიებები აჭარაში ( იხილეთ ვრცლად )

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ახალ წელს მრავალფეროვანი სიახლეებით შეხვდება. ზღვისპირა რეგიონში ღონისძიებები ბათუმში და ქობულეთში გაიმართება. როგორ ემზადება აჭარა ახალი წლისთვის? რა სიახლეებს შესთავაზებს ტურისტებს და ადგილობრივ მოქალაქეებს? 

 

როგორც აღმოჩნდა, ახალი წლის დღეებში ბათუმში აქტიური ორი ლოკაცია „ევროპის მოედანი“ და ბათუმის ბულვარი იქნება. „ევროპის მოედანზე“ ღონისძიებები 27 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაგრძლედება. 29 დეკემბერს ბათუმს მსოფლიო დონის იტალიელი მომღერალი ინგრიდი ეწვევა და მისი კონცერტი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. მომღერალი მსენელის წინაშე მუსიკალური ალბომიდან ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.


29-30 დეკემბერს, ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო ბაზრობა მოეწყობა, რომელიც ორი დღის განმავლობაში დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცევა. საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით გაფორმებულ ბულვარში სახალწლო განწყობა დილიდან შეიქმნება.


სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით სტუმრები სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით და სხვა დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში მოხვდებინ, სადაც ორი დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია, გლინტვეინი, ორცხობილები, ფრანგული დესერტი; აგრეთვე, საგანგებოდ მორთულ ზღაპრულ საშობაო ქოხებში შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ საახალწლო სუვენირები.


ბათუმის ბულვარში შექმნილ საახალწლო დღესასწაულს მთელი დღის მანძილზე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში გააფორმებს. პატარების გამხიარულებას დღის განმავლობაში გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ.

31 დეკემბერს ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ბათუმის ცენტრალურ „ევროპის მოედანზე“ საღამოს გალა კონცერტი სპეციალური პროგრამით გაიმართება. საახალწლო ღონისძიებას ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე 2 იანვარს დახურავს.

ბათუმში სწორედ „ევროპის მოედანზე“ ტურისტებს საახალწლო ილუმინაციები და 22 მეტრიანი მთავარი ნაძვისხე დახვდებათ. 


ბათუმში მეორე საახალწლო ლოკაცია მისი ბულვარია, სადაც წინასაახალწლოდ 29-30-31 დეკემბერს საშობაო ბაზრობა მოეწყობა, სადაც ჯამში 5 ქოხი განთავსდება. ადგილზე მისულ სტუმარს კი ხელნაკეთი ნივთების, ნაძვისხეების და საახალწლო სათამაშოების გამოფენის ნახვა და შეძენა შეეძლება, ასევე დააგემოვნებენ გლინტვეინს და სხვადასხვა სახის საახალწლო პროდუქციას.


ბულვარის მიმდებარე ტერიტორია განათებებით და დეკორაციებით მოეწყობა.


ახალი წლის შესახვედრად ბათუმის ბულვარში სამშენებლო კომპანია „ორბის“ და ბულვარის ბიუჯეტიდან ჯამში 137 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.


ბათუმთან შედარებით მცირემასშტაბიანი ღონისძიები იგეგმება ქობულეთში. ახალ წელს ძირითადი ლოკაცია ქობულეთის ცენტრალური მოედანი იქნება, სდაც მთავარი ნაძვისხე მოეწყო. დაბა ქობულეთი მთავარი საახალწლო განათებებით, ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან მერიის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით მოეწყობა.


ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიება დღეიდან ორი იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ქობულეთში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, სადაც სხვადასხვა სახის საკვები პროდუქცია გაიყიდება. გაიმათება საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, ქობულეთში 3 საახალწლო ჯიხურია დადგმული და მისი გაზრდა ახალი წლის მომდევნო დღეებში კვლავ იგეგმება. 


რაც შეეხება მაღალმთიანი აჭარის რეგიონს, როგორც „გოდერძი რიზორთის“ სამთხო-სათხილამურო კურორტის დირექტორმა მალხაზ მახარაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, კურორტზე გალა კონცერტის მოწყობა არ იგეგმება, თუმცა საახალწლო განწყობა ყველა სტუმარს ექნება, რადგან კურორტზე საკვებითა და სასმლით სპეციალური საშობაო ბაზრობები მოეწყობა. გარდა ამისა, „გოდერძი“ სპეციალური ილუმინაციებითაც განათდება და ცენტრში 12 მეტრიანი ნაძვისხე განთავსდება.

 

 

 

Commersant.ge